გიორგი ბასილის ძის წარწერა
გიორგი ბასილის ძის წარწერა — აღმოჩენილია 30-იან წლებში, მხარეთმცოდნე ი. ავიძბას მიერ, გუდაუთის რაიონის სოფელ ანუხვაში, ეკლესიის ნანგრევების მახლობლად. ამჟამად დაცულია დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასომთავრული; 10 სტრიქონი; ამოკვეთილი თეთრი კირქვის სვეტზე. სვეტი გათლილია ოთხკუთხად, უხვად არის მოჩუქურთმებული გეომეტრიული და სტილიზებული მცენარეული ორნამენტით და როგორც ჩანს, ჯვრის ჩასადგმელ სტელას წარმოადგენდა. ამჟამად მისი ქვედა კიდე მოტეხილია; უმნიშვნელოდ არის დაზიანებული, აგრეთვე, სვეტის ზოგიერთი სხვა ნაწილიც. სტელის სიგრძე — 220, სიგანე ორ მხარეს 28, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს — 23. გეომეტრიული ჩუქურთმები სტელას ოთხ რეგისტრად ყოფენ. გიორგი ბასილის ძის სამშენებლო წარწერა ამოკვეთილია ქვემოდან პირველ მეორე რეგისტრში. მას უჭირავს ფართობი: 31X23,5; შესრულებულია არაღრმა კვეთით, კიდურწაისრული, თითქმის თანაბარი სიმაღლის ასოებით. ასოების სიმაღლე 3,5-2,5. განკვეთილობის ნიშანი ტექსტს არ ახლავს, თუ არ ჩავთვლით რომ ციფრის აღმნიშვნელი გ ასოს ორ მხარეს ორ ორი წერტილია დასმული; აგრეთვე, წარწერის ბოლოს დასასრულის ნიშნად დასმულია სამი წერტილი — განლაგებული მარცხნივ წაწვეტებული სამკუთხედის სახით; ქარაგმის ნიშანი: კიდურწაისრული, განივი ხაზი.
ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თის(ა)ჲთა,
ა(ღ)ვ(ა)შ(ე)ნე ჯუ(ა)რი ესე ს(ა)ხ(ე)ლსა
ზ(ედ)ა ღ(მრთ)ისა მ(ა)მისა,
ძისა, ს(უ)ლისა წ(მი)დ(ი)სსა
მე, გ(იორგ)ი ბ(ა)ს(ი)ლის ძემ(ა)ნ.
აწ ვინცა ევედ-
რ(ე)ბ(ო)დ(ე)თ, ჩ(უე)ნ, გ-ნივე
ძმანი ლ(ო)ცვა-
სა მოგუიჴსე-
ნენით. ა(მე)ნ, იყ(ა)ვნ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვ. სილოგავა, „დასავლეთ საქართველოს წარწერები“, ნაკ. I (IX-XIIIსს.), თბ., 1980